03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტები საყდრისის დაცვის კამპანიას უერთდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის მიმართ დაუდევარ მოპყრობას და მის განადგურებას აპროტესტებენ. ისინი 2014 წლის 19 დეკემბერს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში აქციის გამართვას გეგმავენ და საყდრისის დაცვის პროცესში ჩართვისა და მოქალაქეობირვი ვალის შესრულებისკენ მოუწოდებენ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, ასევე სრულიად საზოგადოებას.  

სტუდენტების თქმით, საყდრისი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელს ევრაზიულ სივრცეში.

„ვფიქრობთ,ძეგლის დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ამიტომ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომელიც აპოლიტიკურია და მიზნად ისახავს მხოლოდ ჩვენი, სტუდენტური და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას.

მოვითხოვთ,

- დაუყოვნებლის შეჩერდეს ძეგლის მიმართ ვანდალური მოპყრობა და სასწრაფოდ აღუდგეს საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი.

- შეჩერდეს ,,არემჯი გოლდის“ მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ახლახანს განახლდა და რის გამოც ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

- საქმის წარმოება გადაეცეს შესაბამის უწყებებს.

ჩვენ ასევე დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საყდრისის მცველებს, რომლებიც თავდადებით იცავენ ძეგლს და გამოვთქვამთ მზაობას, საზოგადოების სხვა, დანარჩენ წევრებთან ერთად ერთიანი ძალით დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, - წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები თსუ-ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. მათი თქმით, სტუდენტებს მხარს პროფესორებიც უჭერენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები