12 მოსამართლის მუდმივ მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას. ზაზა ხატიაშვილს რუსთავი 2-ის პროცესები და იუსტიციის საბჭოს წევრების მოქმედებები აძლევს ამის თქმის საფუძველს.
"ცუდი არ არის მოსამართლების უვადოდ დანიშვნა, თუმცა მთავარია ვინ ინიშნებიან ამ თანამდებობაზე უვადოდ,"- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილის თქმით, მოსამართლეების უვადოდ გამწესების კრიტერიუმები არ არსებობს, სამოქალაქო სექტორი კრიტერიუმების გაწერას ითხოვდა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის მიმართ, რომელიც უვადო მოსამართლედ დაინიშნა, ბევრი პრეტენზია არსებობდა.
„უვადოდ საქართველოში შეიძლება დანიშნო მხოლოდ ის პირი, რომელსაც სასამართლოში არ უმუშავია, ძალიან მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია აქვს, არცერთ გახმაურებულ საქმეში არ მიუღია მონაწილეობა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.