26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესაძლოა ნუგზარ სურმანიძე გახდეს

უკვე დათვლილია არჩევნების შედეგები აჭარაშიც. აქ საქართველოს პარლამენტის გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევდნენ. ქართულმა ოცნებამ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მმართველ პარტიას 21 მანდატიდან 14 აქვს.

უსკოს ინფორმაცით, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ასევე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს. სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

რუსთავი 2-თან საუბრისას ნუგზარ სურმანიძე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მან დაიკავოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.   

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გამართულა. როგორც კი გაიმართება კონსულტაციები, უმრავლესობა დაასახელებს ღირსეულ კანდიდატს,“ - აცხადებს სურმანიძე.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ლიდერების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შევიდა. 14 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 5 ნაციონალურ მოძრაობას, 1 პატრიოტთა ალიანსს და 1 ნინო ბურჯანაძის პარტიას.

თუმცა, როგორც ცნობილია, პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი ნომერი დავით თარხანმოურავი არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას და მან თავისი მანდატი დაუთმო პარტიის სიის მეორე ნომერს ზაზა ოქუაშვილს.

დღის ამბები