დამწვარ სავაჭრო ცენტრთან დღეს დილიდან კვლავ ხმაურია. ბავშვთა სამყაროს შენობასთან ძვირფასეულობით და ტანსაცმლით მოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომლებიც შენობაში შესვლას მოითხოვენ.
ირკვევა რომ ვერცხლის ნაკეთობებით მოვაჭრეთა უდიდეს ნაწილს საკუთრი საქონელი დახლებზე ჰქონდა დატოვებული.
ბავშვთა სამყაროს და მიმდებარე ტერიტორიის მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებასაც მოითხოვენ.
დაზარალებულები პასუხისმგებლობას სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას აკისრებენ. დაზარალებულთა განცხადებით, ადმინისტრაცია ნივთების უსაფრთხოებაზე პასუხს აგებდა.
მოქალაქეები შენობის დროულ დემონტაჟს ითხოვენ. მათი განმარტებით, დემონტაჟის შემთხვევაში შესაძლებელია ძვირფასი ნივთების ჯართის სახით გამოტანა მოხერხდეს.
"მეორე სართულის ჭერი დაპრესილია, ორი გაძეძგილი მინანქრის მაგიდა მქონდა, არ ვიცი რა უნდა ვქნა. დღე დაეწვათ ეს ოხერი და ჩვენც შიგ გამოვებუგეთ. მთელი ფული რაც ნავაჭრი მქონდა, ფულიც კი დაგვეწვა, რაც კი ნავაჭრი გვქონდა,"-განაცხადა ნესტან ქოჩორიშვილმა.
სამი დღის წინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ბავშვთა სამყაროს შენობაში ავეჯისა და სხვა ნივთების მაღაზიები ჰქონდათ განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხდება მათ ზარალის ანაზღაურება.
შენობაში ამ დრომდე არის ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა. მათი ლოკალიზებისთვის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ცეცხლის სრულად ჩაქრობას დღეისთვის ვარაუდობენ. ადგილზე მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და 70-მდე მეხანძრე-მაშველი. პარალელურად გრძელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.