საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერიას ხანძრით დაზარალებულების ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით დედაქალაქის სარეზერვო ფონდის გამოყენების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიას დაზარალებულთა დასახმარებლად ტენდერებიდან დაზოგილი თანხების გამოყენებაც შეუძლია. მათი განმარტებით მხოლოდ ბოლო სამ ტენდერში თბილისის მერიამ 900 000 ლარის ეკონომია გააკეთა და ეს თანხა დაზარალებულების დასახმარებლად უნდა იქნას მიმართული.
„ჩვენ მივმართავთ დავით ნარმანიას გამოვიდეს სირაქლემის პოზიდან და ფინანსური დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ადამიანებს. ჩვენ მოვიძიეთ ამის რესურსი, კერძოდ, ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ 3 საგზაო ტენდერში ეკონომიამ შეადგინა დაახლოებით 900 000 ლარი. მე ვფიქრობ, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისია, რომ გარკვეულწილად დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ გრიგალაშვილი.