05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"ეს არის ძალიან საშიში,“-დამწვარ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

სამხარაულის ბიუროს ექსპერტების გადაწყვეტილებით დამწვარ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. სპეციალისტებმა შენობა სულ ცოტა ხნის წინ დაათვალიერეს. მათი დასკვნით შენობა ავარიულია, საშიშია და დასანგრევია.

ექსპერტების გადაწყვეტილებამ ვერცხლის ნაკეთობებით და ტანსაცმლით მოვაჭრეების დამატებითი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი შენობაში შესვლას მოითხოვენ და უნდათ, რომ საკუთარი საქონლის დაბრუნება სცადონ.

ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მობილიზება მოხდა.

ექსპერტთა განცხადებით, შენობაში შესვლა ზედა სართულების დემონტაჟის დასრულებამდე დაუშვებელია.  

„არ შეიძლება შესვლა, ერთი კიდევ ჩამოცვენა რომ მოხდეს, შეიძლება სვეტი გატეხოს და მთელი შენობა დაწვეს. შევუშვათ და უცებ  ჩამოვარდეს საშიშია. 47 წელია კონსტრუტორი ვარ, მეტი არაფერი მიკეთებია, გეუბნებით ეს არის ძალიან საშიში,“-განაცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა.

ადგილზე იმყოფება თბილისის ვიცე მერი. ლაშა აბაშიძე დაზარალებულებს ხვდება.

დღის ამბები