ბავშვთა სამყაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე მერმა. ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალის კომპენსირებაზე საუბარი არ შემდგარა. მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისის მერია გამოძიების შედეგებს ელოდება, შემდეგ კი მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყება.
„თქვეს რომ დღეს რამდენიმე წარმომადგენელს გამოყოფენ და მოვლენ თბილისის მერიაში და იქ უფრო კონსტრუქციულად დაველაპარაკებით და დავგეგმავთ თუ რას ვაპირებთ. საქონლის კომპენსირებაზე საუბარი ჯერ საერთოდ არ არის, მითუმეტეს ჯერ საერთოდ დათვლილი არ არის. ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, დაიდოს შედეგები და შემდე უნდა მოხდეს ზარალის დათვლა,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდა ძვირფასეულობით მოვაჭრე პირებისა ის ადამიანებიც დაზარალდნენ, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდდნენ.
დაახლეობით 1000-მდე დაზარალებულია, რომელიც მერიას სთხოვს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ბაზრობის კონსტრუქციის აღდგენა, რათა მათ მუშაობის გაგრძელება შეძლონ.
დაზარალებულები ასევე ამბობენ, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხდა, რამაც მათი კუთვნილი ნივთების სრული განადგურება გამოიწვია.