ევროპარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას კენჭის უყრის. ხვალინდელ სხდომას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დაესწრება.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. მისი აზრით, ორივე მხარემ ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ბევრი იმუშავა.
„ხვალ დიდი დღეა საქართველოსთვის. ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან პარლამენტი ხვალ მხარს დაუჭერს. ორივე მხარემ გულდასმით ვიმუშავეთ, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. მისასალმებელია, რომ თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა ბრიუსელში და პირადად დაესწრება საქართველოსთვის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ქართულმა მხარემ შეხვედრის მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ დევიდ მაკალისტერთან საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ქვეყნის რეფორმებსა და საკონსტიტუციოს ცვლილებებზე ისაუბრეს.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.