აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან - რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.
მათი თქმით, 350 ადამიანი ქარხნის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა.
„გათავისუფლება მოხდა გაუფრთხილებლად. მოვედით დილით და იყო საშვები დაბლოკილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,“-აცხადებენ რუსთავის აზოტის თანამშრომლები.
გათავისუფლებული თანამშრომლების აქციას დღეს სტუდენტური მოძრაობა და პროფკავშირები შეურთდნენ.
„ქარხანა, რომელსაც ყოველთვის უჭირდა მუშა ხელი და გადამზადებული კადრი, 350 ადამიანს რომ ათავისუფლებ როგორ უნდა იმუშაოს ქარხანამ. თანაც გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ ამდენის გაშვებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ჩვენ გავაპროტესტებთ ამას და ყოველ დღე აქ ვიქნებით,“-აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
აქციაზე იმყოფებოდა პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერიც. კახა კუკავა ჯანდაცვის მინისტრს რუსთავის აზოტის ქარხანაში არსებული ვითარებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ერთადერთი რაც ქვეყანაში გუგუნებს ეს არის საპროტესტო აქციები, არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გამო. შრომის კოდექსის მიხედვით, როდესაც 20 ადამიანზე მეტი არის დათხოვნილი სამსახურიდან, ეს აღარ არის კერძო დავა და აქ უკვე ჯანდაცვის მინისტრს აკისრია ვალდებულება, რომ შეასრულოს მედიატორის მოვალეობები,“-განაცხადა კახა კუკავამ.
ეუ ინვესტმენტის დირექტორი ქარხნიდან თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს. ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც რუსთავის აზოტს შეექმნა ქარხნის მართვა ეუ ინვესტმენტს მოუწია. ურუმაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში დაბრუნება მოხდება.
„ჩვენ ვპირდებით იმ ადამიანებს, ვინც ვერ ავიყვანეთ სამსახურში, ამუშავდება თუ არა ქარხანა და გაჩნდება თუ არა საჭიროება მოთხოვნილებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი იქნება ის 350 კაცი,“-აცხადებს ურუმაშვილი.