ფიროსმანის ნამუშევრებს განმეორებითი რესტავრაცია პროფესიონალმა რესტავრატორებმა ჩაუტარეს. თამარ მეფე და რუსთაველი განახლებული სახით საგამოფენო დარბაზში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ ბრუნება.
ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებში შესრულებული ორივე პორტრეტი 1989 წლიდან მირზაანის ფიროსმანის მუზეუმში ინახებოდა, მანამდე ნამუშევრები ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში იყო დაცული.
ფიროსმანის მუზეუმის კოლექციაში გადასვლისას თამარ მეფისა და რუსთაველის პორტრეტები უხეშად რესტავრირებული იყო, აღდგენის ნაცვლად კი ნამუშევრები უფრო მეტად დაზიანებული.
ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტებმა დეფორმირებული ადგილები გაასწორეს, დამუშავდა და გაიწმინდა ზედაპირი.
TBC ბანკის მხარდაჭერით განახლებული ორივე ნამუშევარი პირველად TBC გალერეაში ხვალიდან გამოიფინება.
საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილი იქნება მირზაანის ფიროსმანის უნიკალური კოლექცია. მათ შორის ხილის დუქანი, დათვი თავისი ბელებით და სონა უკრავს გარმონს. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კი გამოფენის ნახვა სკოლის მოსწავლეებსაც შეეძლებათ.
ავტორი: სალომე ბენაშვილი