სიღნაღის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ იმ თანხის უკან დაბრუნება დააკისრა, რომელსაც ხელფასის სახით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც იღებდნენ. არგუმენტები, რომლებითაც მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომლებზე10 ათასამდე ლარი გაიცა, მიუღებელია აუდიტის სამსახურისთვის.
მაკონტროლებელმა ორგანომ უკვე გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც სიღნაღის გამგეობის გადაწყვეტილება კანონდარღვევად არის შეფასებული.
სიღნაღის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე მაია შაიშმელაშვილი ერთერთია იმ თანამდებობის პირებს შორის ვისაც გამგეობამ მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ხელფასის გადახდა მაინც გაუგრძელა.
ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ახალმა გამგებელმა და გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა მიიღო. მოგვიანებით მაია შაიშმელაშვილი რაიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დანიშნეს და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი მუხლი სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანებისთვის საშვებულებო ანაზღაურების გამოყოფის შესახებ, საერთოდ არ არსებობს. თუმცა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ახალი გამგებლისთვის და მან ბრძანებას ხელი მოაწერა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ჯონდო ცანავა ერთერთია მათ შორის, ვინც მომხდარ კანონდარღვევაზე რეაგირება საკრებულოსგან მოითხოვა. უფლებამოსილების გადამეტებასა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.
სიღნაღის ახალი გამგებელი თვლის, რომ მისი პასუხისმგებლობა გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის ხელფასების გაცემის საქმეში არ არსებობს.
ავტორი: ეკა გაგუა, ია გულიაშვილი.