ევროპარლამენტი ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეები დიდი ხანი ელოდნენ.
საბოლოო თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, სავარაუდოდ მარტის ბოლოა. მანამდე კიდევ ტექნიკური პროცედურებია გასავლელი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოლოდინით, უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო კენჭისყრა ევროპარლამენტში ხვალ წარმატებით ჩაივლის, დევიდ მაკალისტერი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებს ყვება.
ის ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის გარდა ქართულ ოცნებასთან კითხვები ჰქონდა. მათ შორის მმართველი გუნდის ძალაუფლებისა და ოპოზიციასთან ურთიერთობის ნაწილში. შეხვედრას საუბრის თემებს შორის არ იყო, მაგრამ რუსთავი 2-ის საქმის და მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას მაკალისტერმა ხაზი ჟურნალისტებთან გაუსვა.
დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არა ერთ ევროპელ კოლეგას შეხვდა. ქართული დელეგაცია ამ შეხვედრებით კმაყოფილია, პარლამენტის თავმჯდომარე მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ევროპული პარლამენტი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ხელშესახები გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს არის, პრაქტიკულად, ისტორიული დღე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორები: თამარ ნუცუბიძე, ირაკლი შეწირული, სოფო ზურაბიანი.