დიდთოვლობის გამო ტყიბულის რაიონის სოფელი მუხურა ჩაკეტილია. ასეულობით ოჯახი ერთი კვირაა, რაც გარე სამყაროს მოწყვეტილია. სოფელი რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება, გადაადგილება შიდა გზებზეც ვერ ხერხდება.
პრობლემის მოგვარების პირდაპირი ვალდებულება მუხურას გამგეობას აკისრია, თუმცა გამგებელს ახლა სულ სხვა საზრუნავი აქვს. ზაზა ყვავაძემ თოვლში ის დაკარგული ტრაქტორი უნდა მოძებნოს, რომელიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სოფლის ერთადერთი იმედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მუხურას გამგებელი და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ტრაქტორით გზების გაწმენდას ერთი კვირის წინ შეეცადნენ. შეღამებისას ტრაქტორში საწვავი გამოილია და ის გზაზევე დატოვეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მომდევნო დღეებში ტრაქტორის ადგილმდებარეობა სავარაუდოდ ვერავინ დაადგინა, რადგან თოვლში ჩარჩენილი მძიმე ტექნიკა ნამქერისაგან ამ დრომდე მთლიანად დაფარულია.
გამგებელ ზაზა ყვავაძეს იმედი აქვს, რომ თოვლში ჩაფლულ ტრაქტორს დღეს ტყიბულის რაიონული ცენტრის შესაბამისი სამსახურების დამხარებით გამოიყვანენ. ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაზე კი შვებულებაში გავიდა.
როდის შეძლებს ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ცენტრთან დამაკავშირებელი, ისე სოფლის შიდა გზების გაწმენდას, უცნობია.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ედიშერ მუშკუდიანი.