05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
დაზარალებულები "ბავშვთა სამყაროს" დემონტაჟის წინააღმდეგ - სავაჭრო ცენტრთან მორიგეობა დაწესდა

ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის ზედა ნაწილის დემონტაჟი დილიდან უნდა დაიწყოს, თუმცა მოვაჭრები ამბობენ, რომ ისინი შესაბამის სტრუქტურებს ამის საშუალებას არ მისცემენ. ამ მიზნით მათ ღამის მორიგეობაც დაიწყეს.

ტერიტორია გუშინ ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. მათი დასკვნით, ბეტონის კონსტრუქციები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ შენობაში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამის მიუხედავად მოვაჭრეები დამწვარ შენობაში მათ შეშვებას ითხოვენ, რათა შეძლონ საკუთარი საქონლის გამოტანა.

დღის ბოლოს დაზარალებულ მოვაჭრეებს დიდუბის რაიონის პროკურორი შეხვდა. დავით შაკიაშვილმა მათ მოუწოდა დაემორჩილონ სამართალდამცველების განკარგულებებს.

„იმ ადგილებში შევიდნენ ადამიანები, სადაც საფრთხე იყო მინიმუმამდე დაყვანილი, ამ ეტაპზე არის საფრთხე,“- აცხადებს დავით შაკიაშვილი.

თავად დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ მოითხოვენ სახელმწიფოსგან მათი ნივთების უსაფრთხოდ გამოტანაში დახმარებას.

„ვეწინააღმდეგებით დემონტაჟს, დემონტაჟის შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვეღარ გამოვიტანთ იქედან და დავრჩებით სრულიად უყველაფროდ,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლუიზა ქოიავა.

დღის ამბები