თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებულ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო პროექტებზე იმსჯელებენ დღეს პარლამენტში.
საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე გადის. გარემოს დამცველების ინიციატივა დედაქალაქში ხეების ჭრაზე რეგულაციის დაწესებას გულისხმობს.
„მოვითხოვთ ამის ყველაფრის გამკაცრებას და კანონიზირებას. ასევე მოვითხოვთ იმას, რომ საკომპენსაციო თანხის რაღაც პროცენტი მოხმარდეს ხეების დარგვას და დეველოპერს დაევალოს ხეების დარგვა მოჭრილი ხეების სანაცვლოდ,“-აცხადებს მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე.
უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტი კი ნარგავების უფრო გამარტივებულად მოჭრას ითვალისწინებს. კერძოდ, იზრდება იმ ტიპის ნარგავების ჩამონათვალი, რომელთა მოჭრა კომპენსაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.