05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"რუსთავის აზოტის" თანამშრომლების საპროტესტო აქცია ხვალ გაგრძელდება

ამ წუთებში რუსთავის აზოტის ქარხანასთან სიმშვიდეა, რადგან საპროტესტო აქცია დასრულებულია და ამ ტერიტორიაზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რჩებიან.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე სამმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა - პროფკავშირებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. ისინი საკუთარ პოზიციებს წარადგენენ და 350 თანამშრომელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

საპროტესტო აქციის დასრულებამდე დაიძაბული ვითარება რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საპატრულო პოლიციამ დღის მეორე ნახევარში სრულად დაიკავა აზოტის ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს შიგნით შესვლის საშუალება აღარ მისცა.

აზოტის ქარხანაში მომუშავეების ნაწილმა აღნიშნა, რომ ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა საპროტესტო აქციას არ უერთდებიან. დღესვე, ტერიტორიაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მათ მოთხოვნებს გაეცნო.

აქციის ადგილას მივიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ეს ადამინები ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან, რადგან უმრავლესობას სესხი აქვს გამოტანილი.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო მსვლელობა ხვალ რუსთავში შარტავას მოედნიდან მერიასთან გადაინაცვლებს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

ბოლოს კი მსვლელობა კვლავ რუსთავის აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები