საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაციას კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა გადაცემა რეალური სივრცე, რომლის ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილია და რომელიც მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გადაცემების დახურვის მიზეზების დასაბუთებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება გადაცემების დახურვა, რომელთა შორის არის რეალური სივრცე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაცემების იმ პირობებში დახურვა, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა ხედვა აქვს გენერალურ დირექტორს, რა სამაუწყებლო ბადით აპირებს სამაუწყებლო არხი მაუწყებლობას უახლოეს პერიოდში, მაშინ როდესაც ეს გადაცემები ეთერში არ გავა.
"ცხადია, ვთანხმდებით იმაზე, რომ ცვლილებები საჭიროა და შესაძლებელია არსებობდეს ბევრი გადაცემა, რომელიც ნამდვილად საჭიროებს ცვლილებას, თუმცა არ მიგვაჩნია, რომ მათ შორის არის რეალური სივრცე და ვითხოვთ დასაბუთებას, რატომ მიიღო მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
მედიაკოალიციის განცხადებას იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიც. სულხან სალაძე ამბობს, რომ ცვლილებების საკითხი სამეურვეო საბჭოს სხდომაზე უნდა იყოს განხილული. სალაძის თქმით, რადგან საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა კერძო მაუწყებელს, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საჯაროობა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები საზოგადოებრივ მაუწყებელში ჯერჯერობით არ გაკეთებულა. კურიერი გავრცელებულ ინფორმაციას ვასილ მაღლაფერიძესთან უახლოეს პერიოდში გადაამოწმებს. განცხადების გაკეთებას გეგმავს გადაცემა რეალური სივრცის ავტორი ნინო ზაუტაშვილიც.