05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"რეალურ სივრცეს ვერავინ ვერ დახურავს," - ზაუტაშვილი მისი გადაცემის შესაძლო დახურვაზე საუბრობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი რეორგანიზაციის მოლოდინშია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა გადაცემა რეალური სივრცის დახურვას გეგმავს, თავად გადაცემის ავტორი ეხმაურება.

ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ მას უკვე ჰქონდა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან და მის მრჩეველ ია ანთაძესთან, თუმცა ინფორმაცია გადაცემის დახურვის შესახებ არ მიუღია.

ზაუტაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ გადაწყვეტილების შესახებ პასუხს ორშაბათს მიიღებს.

„რეორგანიზაციას რომ შეიძლება გადაცემების დახურვა მოჰყვეს რა თქმა უნდა ამას  ყველა ფიქრობს და ყველა ვარაუდობს. ვასილ მაღლაფერიძესთან და ია ანთაძესთანაც მქონდა მე საუბარი. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათს მივიღებთ პასუხს.

"ყველა ადამიანს აქვს თავისი პატარა ტელევიზორი, რომლითაც ის მაუწყებლობს სოციალურ ქსელში განუწყვეტლივ. ასე რომ დღეს რაიმეს დახურვა სასაცილოა. რეალურ სივრცეს ვერავინ ვერ დახურავს, ის ყოველთვის მონახავს ფანჯარას და კარებს იმისათვის, რომ თავის თანამოქალაქეებს, ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელსაც სჭირდება როგორც ჰაერი რეალურის სივრცე, იმისთვის რომ თქვას ის რაც აწუხებს და ადამიანს როცა სტკივა დიდხანს ვერ გააჩერებ,“-განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.  

შეგახსენებთ რომ ინფორმაცია დირექტორობის ყოფილი კანდიდატის ნინო ზაუტაშვილის საავტორო თოქ-შოუს რეალური სივრცის დახურვის შესახებ დღეს გავრცელდა.

დღის ამბები