საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაციის დაწყებას და გადაცემების დახურვას არც ადასტურებს და არც უარყოფს მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თინათინ ბერძენიშვილი კურიერთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ დეტალები გეგმებთან დაკავშირებით ორშაბათს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც არხის გენერალური დირექტორი სამოქმედო გეგმას წარადგენს.
„ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა იქნება წარდგენილი ორშაბათს სამეურვეო საბჭოზე, გენერალური დირექტორი წარადგენს. ვერ გეტყვით წინასწარ რაზეა საუბარი, მე რაღაც დეტალებს ვიცნობ, რაღაც დეტალებს არა,“ - აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისგან თავს იკავებს გენერალური დირექტორის მრჩეველიც.
„სანამ არ იქნება კომპლექსურად წარმოდგენილი აი ეს გეგმა, მანამდე აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას და ორშაბათს უნდა დაველოდოთ ყველა. ვერ ვაკეთებ ახლა კომენტარს იმიტომ, რომ არაფრის უარყოფას ან დადასტურებას აზრი არ აქვს,“ - აღნიშნა ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსალოდენელი ცვლილებებისა და მასობრივი გათავისუფლებების შესახებ ინფორმაციას კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა გადაცემა რეალური სივრცე.