ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია დასრულდა. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა სოლოლაკი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მოვაჭრეებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა.
„თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა, ხმა მოგვეციო, ახლა რატომ იმალება, რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებას, სესხების გადავადებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
დაზარალებულო მოვაჭრეები მათი პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
დღეს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს. აქციის ორგანიზატორი ადვოკატთა ასოციაცია იყო. აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი და საკრებულოს ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ.
ავტორი: შოთა კიკნაძე