ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის შემთხვევა მოხდა. რეინჯერებმა ბრაკონიერების დევნის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი, ლევან თაბუნიძე აცხადებს, რომ ბრაკონიეერწბის ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ.
"მინდა მოვუწოდო მათ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს. გასული წლის განმავლობაში სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არაერთი ფაქტი გამოვლენილა ჩვენი თანამშრომლების მიერ, როგორც იარაღით უკანონო გადაადგილებაზე, ასევე ნადირობის წესების დარღვევაზე," - განაცხადა ლევან თაბუნიძემ.