ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2016 წლის ზაფხულში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისა და დივერსიული საქმიანობის ბრალდებით დააკავა.
ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გიუნაშვილი დაიხსნან და ოჯახს დაუბრუნონ.
„ძალიან შემზარავია და ძალიან რთულია ეს ყველაფერი ჩვენთვის. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაიხსნან და დაუბრუნონ თავის ოჯახს. ბრალდებებს რაც შეეხება, არის ყველაფერი აბსურდული. ჩვენთვის გაზეთებითა და ტელევიზიით გახდა ცნობილი, იმიტომ რომ არანაირი წვდომა არ გვაქვს არც მასთან და არც ცხინვალთან,“ - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ მერი გიუნაშვილმა.
განცხადება გიუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
„მის მიმართ წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და გამოგონილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად. უსაფრთხოების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. გიუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით არსებული დეტალები მიწოდებულ იქნა უკვე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის, რათა მის საქმესთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.