05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმე და პროკურატურის მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

2016 წლის მარტში პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 12 წლით ადრე თბილისში მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობა და საქმე სასამართლოს გადაულოცა, მაგრამ რამდენიმე თვეში სასამართლოს პირველივე ინსტანციამ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა და გაათავისუფლა, ვინაიდან პროკურატურის მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები წარმოადგინეს.

მოწმეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითონ იხდიან სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის. თანაც ამ მოწმეებს ერთი და იგივე პროკურორი სისტემატურად იყენებს სხვადასხვა საქმეში და მათ ჩვენებებს უკვე არაერთი ადამიანის თავისუფლება შეეწირა.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებზე ან ზეწოლას ახდენს, ან რამეს ჰპირდება მათ. ამის ხარჯზე სხვადასხვა საქმეში მოწმეებად იყენებს და ბრალდებისთვის სასურველი ჩვენებების მიცემას აიძულებს.

პროკურატურასთან ერთად, დაზარალებულის ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს დავით ოთხმეზური ასლან ბეჟანიძემ მოკლა.

9-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ბეჟანიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე მომავალ სასამართლოზე ისევ მოითხოვს სატელეფონო კომპანიების ამონაწერს, რომელსაც წინა პროცესზე უშედეგოდ ითხოვდა - სჯერა, რომ ამით უეჭველად დაამტკიცებს, ვინ იყო და ვინ არ იყო მკვლელობის ადგილას 2004 წლის 27 ოქტომბერს და ვის შეიძლება აფარებდეს ხელს პროკურატურა.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები