ბავშვთა სამყაროს შენობის ხანძარს ძალიან ბევრი დაზარალებული ჰყავს, მათ რიცხვში 100 მფლობელი, აქციონერიც შედის, რომლებსაც ერთმანეთში ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ხანძრის გაჩენისთანავე უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რა ან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მომხდარის მიზეზი. ბევრს არ სჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და დარწმუნებულია, რომ ბავშვთა სამყარო გამიზნულად დაწვეს.
ასეთი ვერსიის მომხრეები მესაკუთრეებს შორისაც არიან - ისინი თვლიან, რომ შენობის განადგურება იმ აქციონერებს აწყობდათ, რომლებიც დიდი ხანია ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანას და ნაგებობის განახლებას გეგმავდნენ, მაგრამ ამაზე ვერც თანამფლობელების დათანხმებას ახერხებდნენ და ვერც მოვაჭრეების გაყრას ბედავდნენ. მათი აზრით, ამიტომ აქციონერებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს და ბავშვთა სამყარო დაწვეს.
ახლა ტერიტორია მოვაჭრეებისგანაც თავისუფალია და ძველი შენობაც დასანგრევია.
მაყვალა ომაძეს და თენგიზ ლოლაძეს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვთ. ისინი ბავშვთა სამყაროს აქციონერები არიან.
ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ტერიტორიაზე სააქციო საზოგადოების ახლანდელ მენეჯმენტს ახალი ნაგებობების აშენება და მთლიანი ტერიტორიის შეცვლა აქვს დაგეგმილი. ამ ორი აქციონერის აზრით, განახლებულ შენობაში ახლანდელ მოვაჭრეებს აღარ შეუშვებდნენ. მოიჯარეების გაყვანა ცხადია, უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა. ამიტომ ხანძრის გაჩენა ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ყოფილიყო.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.