ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრები იკრიბებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას და მათი თანაპარტიელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, არავითარი პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, დაცვის თანამშრომლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს არ უშვებდნენ შენობაშ, მაშინ, როდესაც მათ კანონით ამის უფლება გააჩნიათ და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ყოფნას და ველოდებით, რომ იქნება რაიმე პასუხი,“ - აცხადებს აჭარის ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდათ ქამადაძე.
მისი თქმით, დაკავებულ თანაგუნდელებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც ადვოკატი მირდათ ქამადაძე აღნიშნავს დაკავების ოქმის მიხედვით ვერ დგინდება, თუ რაში გამოიხატებოდა დაკავებულების წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრებს სავარაუდოდ ხვალამდე არ გაათავისუფლებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ამ დრომდე გადაკეტილია და მაგნოლიას ხე მოძრაობას აფერხებს.