დრანდის ციხეში მყოფი ქართველი მებრძოლის მეუღლე პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება. 6 წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი ლუკავას მეუღლე ამ ფორმით, მის გათავისუფლებას ითხოვდა. ლალი ბასარია დრანდის ციხეში მყოფი ქართველი მებრძოლისა და პარტიზანის ციხიდან გამოსაყვანად, უშიშროების საბჭოს შეკრებასა და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა.
მოშიმშილე მოქალაქე დღესვე უშიშროების საბჭოს მდივანმა მიიღო. დავით რაქვიაშვილთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ლალი ბასარიამ ხელისუფლებას 2 დღიანი ვადა მისცა, თუკი ამ ვადაში მისი მეუღლის მდგომარეობა არ გაირკვევა, მაშინ ის პროტესტის უმკაცრეს ზომას მიმართავს და 8 შვილის დედა შიმშილობას ამჯერად მთავრობის კანცელარიასთან დაიწყებს.
ლალი ბასარიას ეჭვი აქვს, რომ მისი მეუღლის მდგომარეობა ბოლო დღეებში უფრო დამძიმდა.
ქართული მხარე განმარტავს, რომ გიორგი ლუკავას გადმოსაცემად მოლაპარაკებები გალის შეხვედრებზე მიმდინარეობს.
ხელისუფლებას ქართველი მებრძოლების ინტერესების იგნორირებაში ადანაშაულებს ოპოზიცია. ისინი ფიქრობენ, რომ ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებების არც ერთი ბერკეტი არ დაიტოვა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.