05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
"ჩვენი ინიციატივაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მისცენ ევროკავშირში სამოგზაურო ვიზები" - გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან მიმოსვლა გაამარატივა და პრინციპში, არც უვიზოდ გადაადგილების წინააღმდეგია. მან ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეაფასა. ის იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვა აფხაზებსა და ოსებსაც მოეხსნებათ.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება პოზიტიური ფაქტია. საქართველო ამაზე 5 წელი მუშაობდა და ასრულებდა ევროკავშირის ყველა გეგმიურ დავალებას. მინდა დავამატო და იმედი გამოვთქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას უახლოეს მომავალში დავაყენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, რადგან მათ ევროპა საერთოდ არ აძლევს ვიზებს. გამონაკლისების გარდა, ისინი უმეტესად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ასეთი მიდგომა არაჰუმანურია. ჩვენ ყველა დონეზე დავაყენებთ საკითხს, რომ მათთვის ბლოკის მოხსნა მოხდეს. ეს საკითხი უკვე განიხილება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მისცენ ევროკავშირში სამოგზაურო ვიზები.

"რაც შეეხება საქართველო-რუსეთს, ჩვენ არაფერი გვაქვს უვიზო რეჟიმის საწინააღმდეგო, უბრალოდ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დიახ გარკვეულ წილად ეს თემა მიბმულია დიპლომატიური ურთიერთობების საკიტხზე. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლისა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ ვიზები დიპლომატიური ურთიერთობის გარეშეც გააუქმა.

აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკებები 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. შეხვედრამდე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართული მხრიდან ისმის ანტირუსული განცხადებები, რომ კრემლისათვის მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ნატოში სწრაფვა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები