საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე, არხის ახალი გენერალური დირექტორის სტრატეგიასა და გეგმასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მას არ მოსწონს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა.
„ეს არის ყველაზე რადიკალური ვარიანტი რეფორმის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. ეს გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის უდიდესი ნაწილის შეჩერებას. საინფორმაციო სამსახურის გარდა, ყველა დანარჩენის შეჩერებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს თანამშრომლების დათხოვნას და ეს იქნება მასობრივი დათხოვნა და არა ოპტიმიზაცია, როგორც გენერალურმა დირექტორმა გვითხრა,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.
მისი თქმით, ის იყო ერთერთი, ვინც იყო ოპტიმიზაციის მომხრე, თუმცა ის, რაც ახლანდელ გეგმაშია წარმოდგენილი, ეს ოპტიმიზაცია არ არის.
„როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზეა საუბარი, ცხადია, აქ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ყველანაირი პოლიტიკური გავლენებისგან იყოს თავისუფალი. ალბათ, აქაც რაღაც ეჭვები ჩნდება, ბუნებრივია,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.
საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ხუთშაბათს ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდება. ვასილ მაღლაფერიძე საბჭოს წევრებს ახალ სამოქმედო გეგმას გააცნობს. ეს სამწლიანი სტრატეგია მაუწყებელზე საინფორმაციო პროგრამა მოამბის გარდა, ყველა გადაცემის გაჩერებას და ამ პერიოდში ახალ შენობაში გადასვლას, ტექნიკურ გადაიარაღებას და განახლებას გულისხმობს.