05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
"ფარული ჩარევების გარეშე, არ ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება," - ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრობს

მედიაექსპერტები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭიროს გენერალური დირექტორის მაუწყებლის განვითარების გეგმას. ეს გეგმა მიუღებელია საბჭოს წევრების ნაწილისთვისაც. მათი განცხადებით, რეფორმა თანამშრომელთა მასიური გათავისუფლებისა და გადაცემების დახურვის ხარჯზე არ უნდა გატარდეს.

გადაცემა ვექტორის წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი აპირებს, სამეურვეო საბჭოს ალტერნატიულ წინადადებით მიმართოს. საბჭო ხუთშაბათს შეიკრიბება.

"ჯერჯერობით ვერ ვნახე ვერანაირი გარანტია, იმის, რომ თუმდაც ამ შემოთავაზებული რეფორმის გატარების პირობებში, ჩვენ გვეყოლება როგორც გენერალური დირექტორი ამბობს, "ფლაგმანი მედია," - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ სამეურვეო საბჭოს ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდება, ვიდრე ეს გენერალური დირექტორის არჩევის დროს მოხდა.

ამ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემაც, რომელიც არასწორ მენეჯმენტად მიიჩნევს, რეფორმის განხორციელებას თანამშრომლების გათავისუფლების ხარჯზე. 

„ფაქტობრივად, არ რჩება ქვეყანაში სივრცე, სადაც ისმის ხალხის ხმა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ფარული ჩარევების გარეშე, არ ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება, მითუმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ძალიან სამწუხაროა, თუ იგივე სცენარი მეორდება,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღის ამბები