მადონამ მალავიში პროცესი მოიგო და ტყუპების შვილად აყვანის უფლება მოიპოვა. პოპ დივა იძულებული გახდა ნებართვისთვის მალავის უზენაესი სასამართლოსთვის მიემართა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეების მიერ მალავიელი ბავშვების შვილად აყვანა იკრძალება.
პროცესს მომღერალი პირადად ესწრებოდა. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს მადონას მიერ წინა წლებში ნაშვილები ორი მალავიელი ბავშვის ფოტო და ვიდეო მასალები წარუდგინეს. სასამართლოს სპიკერის განცხადებით, მასალების გაცნობის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვა, იმ მოტივით, რომ მომღერალს ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია.