საქართველოს მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები აპირებენ წერილობით მიმართონ საბჭოს წევრებს და მოითხოვონ, რომ მათი მხრიდან ალტერნატიული გეგმის წარმოდგენამდე ვასილ მაღლაფერიძის წინადადებები არ დაამტკიცონ.
პროფკავშირებში ამტკიცებენ, რომ არხის გენერალური დირექტორის გეგმა ტელევიზიის დახურვას გამოიწვევს.
„ეს არის მაუწყებლის დახურვის გეგმა, რეფორმა ამ მაუწყებელს სჭირდება, კომპეტენტური ადამიანების ხედვის შედეგად განხორციელებული რეფორმა,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ.
დანებებას არ აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებიც და მაღლაფერიძის გეგმის დამტკიცებას "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებენ.
ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის თქმით, გეგმა იმისთვის არის შექმნილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაჩერდეს.
გადაცემა ვექტორის წამყვანის ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, თუ ხელმძღვანელობა 101 გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, დაახლოებით 500-700 თანამშრომელი სამსახურს დაკარგავს. ირაკლი ტაბლიაშვილი გეგმავს, რომ მისი ხედვა გააცნოს როგორც ფართო საზოგადოებას, ისე ახალ მენეჯმენტს და ბორდის წევრებს.
დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილ ვითარებას აქცია-მსვლელობით გააპროტესტებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.