საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვასილ მაღლაფერიძის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვას იწყებს. არხის ახალ გენერალურ დირექტორს საბჭოს წევრები სწორედ ამ წუთებში უსმენენ. უკვე ერთი საათია, რაც სამეურვეო საბჭოს წევრები შეხვედრას მართავენ ვასილ მაღლაფერიძესთან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრებისთვის მიუღებელია ის სამოქმედო გეგმა, რომელიც მენეჯმენტმა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ისინი ამბობენ, რომ გეგმაში ცვლილებები აუცილებელია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას თქმით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სხვადასხვა თემებზე კითხვები არსებობს.
„ბევრი კითხვა იქნება ალბათ. ეს იქნება სერია შეხვედრების, რომელზეც ჩვენ შევეცდებით შევჯერდეთ, უფრო დეტალიზაცია გავაკეთოთ და შემდეგ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც წაადგება საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - განაცხადა გოგელიამ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ წარმოდგენილ გეგმას და დებულებაში ცვლილებებს მისი მხარდაჭერა არ ექნება.
„მე ველოდები ალტერნატიულ წინადადებებს, ველოდები ამ შემოთავაზების, რაც მენეჯმენტმა წარმოადგინა, გადამუშავებულ ვერსიებს და ის კითხვები, რომელიც დაისმება ამ პროცესში, იმედს ვიტოვებ, რომ ხელს შეუწყობს ამ დოკუმენტის გაკეთილშობილებას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ექნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს ქეთევან მსხილაძესაც.
პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაც იგეგმება.
ავტორი: ეკო მაღრაძე.