სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით გამოდის. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, თუმცა 3 წლის წინ საკანონმდებლო ცვლილებები პირველ მოსმენას არ გასცილებია. მაშინ ინიცირებული პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში კანონდარღვევით პირველად შემოსვლისას, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, პირი, რომელიც დაარღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, მას მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს და არა სისხლის სამართლის. ასევე, მისი რეკომენდაციის მიხედვით, დაწესდეს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მეწარმეებისთვის.
„კანონი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ოკუპაციის და ოკუპანტების წინააღმდეგ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ზარალდება იმ შეზღუდვებით, რომელსაც აწესებს ეს კანონი. მსგავსი კანონი მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, თუმცა იქ სპეციალური ჩანაწერებია ძალიან დეტალური იმისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ექსპერტთა ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცვლილებები საჭიროა, ნაწილი კი ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს.
„რაც შეეხება, პასუხისმგებლობის მოხსნას იმ ადამიანების მიმართ, ვინც სისტემატურად ახორციელებენ გადაადგილებას, ეს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული მგონია,“ - განაცხადა კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელმა ზურაბ ბენდიანიშვილმა.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.