ფარული მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ განიხილავს. უმრავლესობის განცხადებით არსებული შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2 გასაღების ნაცვლად, ფარულ ჩანაწერებს 3 გასაღები ექნება. ის განმარტავს, რომ სააგენტო, რომელსაც მოსმენების გასაღები ექნება, სსიპ-ის სახით ჩამოყალიბდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ მოსამართლის დავალებით განახორციელებს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე კონსულტაციებისთვის მზად არიან, რათა საბოლოო ჯამში, რაციონალური ვარიანტი მიიღონ.
„აქ არ არის ველოსიპედი გამოსაგონებელი, გამოგონებულია უკვე კარგა ხანია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემა მუშაობს, ჩვენ უბრალოდ, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ავირჩიოთ ან ერთი ან რაღაც შერეული ვარიანტი,“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პაკეტი პარლამენტის ოპოზიცური პარტიებისთვის მიუღებელია.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.