საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ერთი საათის წინ შენობაში არასამთავრობო და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდნენ და პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ვასილ მაღლაფერიძის იმ პროექტს აპროტესტებენ, რომელიც მაუწყებელზე 11 თვის განმავლობაში გადაცემების დახურვას და თანამშრომლების შესაძლო დათხოვნას ითვალისწინებს.
ასევე ისმოდა იმ სხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა მხარდამჭერი განცხადებები, რომლებსაც სამსახურებიდან დათხოვნა ემუქრებათ. აქციის მონაწილეებმა შენობა იმ დრომდე არ დატოვეს, სანამ მათ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება მოამბის ეთერში განცხადება არ გააკეთეს.
ვასილ მაღლაფერიძის გეგმას, რომელიც 11 თვით გადაცემების გაჩერებას ითვალისწინებს, დღეს სამეურვეო საბჭოც იხილავდა, თუმცა ბორდის საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი. საბჭოს წევრების ნაწილი არ იზიარებს ახალი მენეჯმენტის იმ მიდგომას, რომელიც არხის რეიტინგზეა ორიენტირებული და თავადაც გეგმავს სხვა კრიტერიუმების წარდგენას, რომლითაც ტელევიზია უნდა შეფასდეს.
პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჯერ საწყის სტადიაშია და მისი განვითარება სწორედ ბორდის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
რა კრიტერიუმით მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ხარისხის დადგენა, ამის შესახებ სამეურვეო საბჭომ ერთ კვირაში გეგმა უნდა მოამზადოს. ამ შეთანხმებით დასრულდა ბორდის წევრებისა და ვასილ მაღლაფერიძის დღევანდელი შეხვედრა. საბოლოოდ დადგენილი კრიტერიუმის მიხედით გაირკვევა, შეჩერდება თუ არა გადაცემები მაუწყებელზე.
უახლოეს დღეებში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმებულებსაც შეხვდება. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გადაწყდება, დაამტკიცებს თუ არა ბორდი მაღლაფერიძის მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმას.
ავტორი: ეკო მაღრაძე.