რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც უერთდებიან. მათი შეფასებით, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის, მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის არსებობა და დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება.
„ეს არის არხი, რომელიც არის ყველაზე პროფესიონალური და ყველაზე რეიტინგული ჩვენს ტელესივრცეში, გულდასაწყვეტია და დასანანია, თუ ამის საშუალება არხს აღარ ექნება. ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს ალტერნატიული აზრი,“- განაცხადა ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა.
აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მოუწოდებენ, დადგნენ მათ გვერდით და დაიცვან რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება.
მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.