03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ავარია მარანთან - 3 გარდაცვლილი და 12 დაშავებული

სამი ადამიანის დაღუპვით დასრულდა იმერეთში მომხდარი ავარია. მიკროავტობუსი მატარებელს შეეჯახა და მატარებელმა დაჯახების ადგილიდან რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე გადაიტანა.

ათზე მეტი დაშავებული რამდენიმე კლინიკაში გადაანაწილეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

12 დაშავებული გუშინ ღამიდან ქუთაისის, აბაშისა და სამტრედიის კლინიკებში გადაიყვანეს. უმრავლესობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ყველაზე მძიმედ 14 წლის ბავშვია, რომელიც გამთენიისას იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთვაზე იმყოფება. ავარიის შედეგად ბავშვმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. 

სოფელ მარანთან მომხდარი კატასტროფის ერთ-ერთი დაშავებული ავტოავარიის დეტალებს იხსენებს. ნინო სამუშია ამბობს, რომ რკინიგზის ლიანდაგზე შლაგბაუმი არ იყო დამონტაჟებული. ამ გადასასველზე დიდი ხანია არც მეისრე მუშაობს. 

დაშავებულების მოსანახულებლად დღეს იმერეთში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც ჩავიდა. ვალერი კვარაცხელიას თქმით, პაციენტების თბილისში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა. 

მიკროავტობუსისა და ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის შეჯახება გუშინ ღამით მოხდა. მიკროავტობუსი დაქირავებული იყო და მასში ნათესავები იმყოფებოდნენ, რომლებიც აბაშის რაიონიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსს 60 წლის მამაკაცი მართავდა. ავარიის შედეგად არ დაშავებულან მატარებლის მგზავრები.

სოფელ მარანთან მომხდარი კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიკროავტობუსისა და ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები