პირველი გამაფრთხილებელი აქცია დასრულებულია, თუმცა საკოორდინაციო საბჭო ორშაბათიდან მოქმედებას განაგრძობს. ამ დღეებში საბჭოში შემავალი 8 პოლიტიკური სუბიექტი იმ გეგმას შეიმუშავებს, რომლითაც რუსთავი 2-ის დაცვა გაგრძელდება. დღეს სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი შეკრება რუსთაველის მეტროსთან დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს დედაქალაქის მთავარი გამზირი და უზენაესი სასამართლოს წინ შეიკრიბნენ. იმ შენობასთან, სადაც უახლოეს მომავალში რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელისუფლებო წნეხს გაუძლეს. საზოგადოებას კი მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს, რადგან ბრძოლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად უკვე გადამწყვეტ სტადიაშია.
აქციაზე რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის ცოლიც იმყოფებოდა. შეკრებილებს სიტყვით რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულმა ნიკა ნარსიამაც მიმართა, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.
საკოორდინაციო საბჭოს წევრი პოლიტიკური პარტიები რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციების გამართვას მომავალ კვირაშიც გეგმავენ.
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია-პერფონმანსი უზენაეს სასამართლოსთან დღეს გამართა ლეიბორისტულმა პარტიამაც. შეკრებილებმა ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათი დაწვეს. გიორგი გუგავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
ავტორ: მარიამ გაფრინდაშვილი.