ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელ კირბალის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ შეშა მათთვის გათბობის ყველაზე იაფი საშუალებაა, თუმცა ისინი შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა დააკავონ და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ. სოფელთან არ დგას პოლიცია, რომელიც მაცხოვრებლებს საფრთხის შესახებ გააფრთხილებს.
ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელში 200 ლარი ბუნებრივი აირის გადასახადისთვის სოფლის მაცხოვრებლებს გამოყოფილი აქვთ, თუმცა ამ დრომდე მთავრობას ეს თანხა კირბალელებისთვის არ ჩაურიცხავს.
გორის მუნიციპალიტეტში კირბალის მაცხოვრებლების პრობლემაზე საუბარი არ სურთ. ერთადერთი უწყება, რომელმაც კირბალის პრობლემაზე განმარტება გააკეთა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. ძალოვანი უწყებას იმედი აქვს, რომ კირბალის პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდება.
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუს სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ზოლის მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებენ. სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო მედიასაშუალების მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსი მესაზღვრეების მიერ 965 საქართველოს მოქალაქეა უკანონოდ დაკავებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში კი, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 70 ათას ლარამდეა გადახდილი.
ავტორი: დავით კაკულია