კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში შევიდა, თუმცა დღემდე პირველ მოსმენას არ გასცილებია. კანონპროექტზე შენიშვნები აქვთ არასამთავრობოებსაც, მათი თქმით წელიწადზე მეტი დრო ფუჭადაა დაკარგული.
„საგზაო უსაფრთხოების პროგრამა პარლამენტში გაჭედილია ერთ წელიწადზე მეტი. ამ პერიოდში გარდაიცვალა 600-ზე მეტი ადამიანი და ტრავმირებულია 10 ათასამდე ადამიანი. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე გაჭიანურდა კანონპროექტის მიღება.