პარლამენტის მომდევნო სესიაზე დეპუტატები კენჭს უყრიან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლებამოსილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სააგენტოს ანიჭებს, რაც მიუღებელია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ვერსიის დახვეწას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და თავად მობილური კომპანიებიც.
ფრაქციაში ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული სააგენტოსთვის მოსმენების გასაღების გადაცემა მისი მხოლოდ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩენას ნიშნავს.
„აქ მთავარი ამოცანა აქვთ, რომ შეუნარჩუნონ სუს-ს და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პირდაპირ მართავს გომელაურის მეშვეობით სუს-ს, სრული კონტროლი მოსმენებზე,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს მოსმენების გასაღების დათმობა, რადგან ეს მისი პოლიტიკური იარაღია.
უმრავლესობაში ოპოზიციას არ ეთანმხმებიან და აცხადებენ, რომ ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი იქნება. ისინი პრეზიდენტის აქტიურობასა და ჩართულობას, ამ საკითხზე, მიესალმებიან, თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს უშუალო საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვის უფლება არ აქვს.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.