05 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
2016 წლის ბოლოს საპატრიარქოში გაჩენილი პრობლემების ქრონიკა

გასული წლის ბოლოს, სასულიერო პირებმა, საპატრიარქოს შიგნით არსებულ უთანხმოებაზე, საჯაროდ დაიწყეს საუბარი. დაპირისპირებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოშივე გალახა. მეუფემ ღიად თქვა რომ მისი სამსახურის გაუქმებას შეეცდებოდა.

საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე სამსჯელოდ სინოდის კრება შედგა, სადაც სავარაუდოდ არსებულ დაპირისპირებებზე და ეკლესიის ირგვლივ გახშირებულ და გახმაურებულ სკანდალებზეც იმსჯელეს, კრების დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პრესასთან განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიას ჩრდილოვანი ხელი მართავს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეკლესიის წიაღში არსებული მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად საეკლესიო სამართლის კრების აღდგენაც მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით მეუფე იაკობმა სინოდის კრებაზე სოსო ოხანაშვილის გათავისუფლების საკითხი დასვა, მაგრამ პატრიარქმა მას ამის უფლება არ მისცა.

არსებულ დაპირისპირებებზე 46 მღვდელთმთავარი სინოდის კრებაზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა, კრების დასრულების შემდეგ სასულიერო პირები პრესასთან აღარ გაჩერებულან, მაგრამ ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსი იაკობის დაპირების მიუხედავად, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის სურვილით, დღემდე ინარჩუნებს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის პოსტს.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები