საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, დიმიტრი ჯავახიშვილი, რომელიც მოჭიდავის კარიერას ტრავმის გამო ჩამოშორდა ბიზნესში იყო ჩართული, რომელიც კახეთში გლეხებისგან ღვინის მასალის ჩაბარებას და გადამუშავებას ითვალისწინებდა. მან მუშაობა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე დღეში, კომპანია ახაშენის შვიდივე თანამშრომელი დააკავეს და თელავის პოლიციაში გადაიყვანეს.
დაკავება ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა, რომ ეს ჯგუფი გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებას, დაწურვას, გაყიდვას და შემდეგ მიმალვას აპირებდა. წინა წელს კახეთში მსგავსი ფაქტი მართლაც მოხდა, თუმცა დამნაშავეების დაკავება ვერ მოახერხეს.
დაკავებულების თქმით, იყო წამებისა და მუქარის ფაქტები სასურველი აღიარებითი ჩვენებების მისაღებად, რასაც მოჰყვა სასამართლო სხდომა და ყველა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
პატიმრობას თავი მხოლოდ დიმიტრი ჯავახიშვილმა დააღწია, რომელიც მეორედ დაკავების დროსაც აწამეს და ეს ფაქტი სასამართლო ექსპერტმაც დაადასტურა.
ოპერატიული ინფორმაციის გარდა, საქმეში თაღლითობის ან თუნდაც განზრახვის არანაირი საბუთი არ დევს, პროკურატურას მხოლოდ ორი არგუმენტი აქვს, ერთი რომ კომპანიის დირექტორი გლეხებს რუსულად ელაპარაკებოდა, რაც მათ თვალში თითქოს უფრო სანდოს ხდიდა, და მეორეც, რომ დაწურული ყურძნის პირველი პარტია იაფად ადგილზე გაყიდეს.
სასამართლოს ბოლო სხდომა ამ საქმეზე 3 დღის წინ გაიმართა, მოსამართლემ, ადვოკატებს, დაყადაღებული ყურძნის წვენის ექსპერტიზის უფლება მისცა.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.