05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
"პოლიციამ დაიწყო ადამიანების მოტაცება" - "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქციამ შსს-თან გადაინაცვლა

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა. მათი ინფორმაციით, სწორედ შს სამინისტროში არიან გადაყვანილი ის პირები, რომლებიც დღეს სამართალდამცავებმა აქციაზე დააკავეს. დაკავებულებთან უკვე შევიდა ადვოკატი.

უწყებასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც იმყოფებიან. აკაკი მინაშვილის განცხადებით, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ დაკავებულების გათავისუფლება არ მოხდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილი აიძულებს პოლიციელებს განახორციელონ უკანონო ბრძანებები. ივანიშვილი, რომელიც არის საქართველოს მტერი და რომელიც აბარებს ქართველ სამხედროებს და რომელმაც ფეხქვეშ გათელა პოლიციელის ღირსება. პოლიციამ დაიწყო ადამიანების მოტაცება იმ შეკრებიდან და ჩვენ მოვედით აქ, ვიცით, რომ აქ არის რამდენიმე დაკავებული ადამიანი და მანამ, სანამ ამ ადამიანებს არ გამოუშვებენ აქ ვიქნებით,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათი დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 167-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან აქაცია გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თბილისის მერისგან რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები