05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
კახა კალაძის თქმით, პროკურატურამ მამა გიორგის დაკავებით კარგად დაგეგმილი დანაშაული აღკვეთა

ვიცე პრემიერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს და დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, რომლის განხორციელების შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე. ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, დაველოდოთ გამოძიებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ჟურნალისტების შეკითხვას, „რამდენად დამაჯერებელია, რომ მამა გიორგი საქართველოში ნაყიდი საწამლავით გეგმავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას,“ ვიცეპრემიერმა უპასუხა, რომ თავად საზღვარგარეთ ხშირად დადის და არ გაუგია რა საშუალებით არის შესაძლებელი საქართველოს ფარგლებს გარეთ საწამლავის მოპოვება.

ცოტა ხნის წინ, მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები