დღეს პროკურატურამ ბრიფინგზე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა და მის მიმართ წაყენებული ბრალიც დაასახელა. უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება - ამ დანაშაულისთვის დააკავეს დეკანოზი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას კალიუმის ციანიდით გეგმავდა. ციანიდი მტკიცებულებად საქმეში დევს.
სასულიერო პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პატრიარქის დელეგაციასთან ერთად ბერლინში მიემგზავრებოდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაული მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ დაიგეგმა, თუმცა არ აკონკრეტებს ეხება თუ არა საქმე საქართველოს პატრიარქს. მთავარი პროკურორი დუმილს გამოძიების ინტერესებით ხსნის. უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ დაკითხულები არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქის დაცვის უფროსი - სოსო ოხანაშვილი. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, არსებობს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალაც.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორია. დეკანოზი სამი დღეა დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, საქმის დეტალებისა და დანაშაულის თანამონაწილე სხვა პირების დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურისთვის უცნობია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს საწამლავი ნივთიერება გადასცა. გამოძიება 18-108 მუხლით მიმდინარეობს, რომლიც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ დეკანოზის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ქობულეთში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიც. ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ვაზნა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.