ოპოზიცია დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან და საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც პროკურატურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს, ვიდრე ეს საგამოძიებო უწყებამ დღეს გააკეთა.
დღეს მძიმე დანაშაულის შესახებ მთავარ პროკურორამდე განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. კითხვაზე, იგეგმებოდა თუ არა უშუალოდ პატრიარქის მიმართ დანაშაული, ბესელიამ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ პატრიარქის უსაფრთხოებისთვის ახლა უმაღლესი დონის ზომებია მიღებული.
საიდან ფლობდა დეტალურ ინფორმაციას გასაიდუმლოებულ საქმეზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე უცნობია. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი კითხვა აქვს და მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს. რატომ დუმდნენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე სახელმწიფო უწყებები, ეს არის მთავარი კითხვა, რასაც მმართველი გუნდი ბრალდებით პასუხობს.
ოპოზიცია იმის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს, თუ ვინ დგას ამ სკანდალური საქმის უკან.
რუსთავი 2-ის ეთერით გახმაურებულ სკანდალურ საქმეზე პროკურატურის განცხადებას, შეფასება დღეს პრეზიდენტისგან და პრემიერ-მინისტრისგანაც მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ბერლინში მისი დავალებით იმყოფებიან და ადგილზე საპატრიარქოს უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია.
ავტორი: ანა წერეთელი.