მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთრეში მან განაცხადა, რომ საქმეზე პროკურატურა ცალმხრივად ახდენს დეტალების ტირაჟირებას და სთხოვს უწყებას მოუხსნას მას ეს შეზღუდვა და მისცეს ამ საქმეზე არგუმენტების საჯაროდ წარმოთქმის საშუალება.
„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას ასეთ შემთხვევაში ვერ დავარღვევ. უბრალოდ გულდასაწყვეტი არის ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი უფლება, რომ იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ ჩვენ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ ჩვენ ჩვენი სიმართლე,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისი განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვისა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა სიმართლე დაამტკიცონ, რომელიც მამა გიორგის აქვს.