05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
ყველაფერი ტყუილია, ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს - დაკავებული დეკანოზის დედა

ყველაფერი ტყუილია, ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს - ასე ეხმაურება დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დედა მისი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს. პირველი კომენტარი ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

დაკავებული სასულიერო პირის დედა ამბობს, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, დეკანოზს პატრიარქი იმდენად უყვარს, რომ მისი გულისთვის შეეძლო თავისი სიცოცხლეც კი გაეწირა.

„როგორ შეიძლება, რომ მღვდლის დედას სჯეროდეს იმ ინფორმაციის, რაც დადო პროკურატურამ. შემიძლია მის სიცოცხლეზე დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე. ეს ყველაფერი ხომ სისულელეა," - აცხადებს ქეთევან მაღლაკელიძე. 

ვერსიებთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, მას ინფორმაცია არ აქვს და აცხადებს, რომ ყველაფერს ტელევიზიის საშუალებით იგებს.

აქვე დაკავებული დეკანოზის დედა აღნიშნავს, რომ მასთან სამართალდამცველები ამ დრომდე არ მისულან და შესაბამისად, არც ჩხრეკა ჩატარებულა მათ საცხოვრებელ ბინაში. 

"არანაირი კონტაქტი გამომძიებლებიდან, არაფერი აბსოლუტურად. ერთი ძალოვანი არ შემოსულა იმ დღის შემდეგ ჩვენს ეზოში,“ -განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.

ობუდსმენის მიერ გახმაურებულ ინფორამციას, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, დედისთვის ამის შესახებ არ არის ცნობილი. 

"ახლა რაც დადო სახალხო დამცველმა, აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი რადგან ითხოვს ოჯახის უსაფრთხოდ ყოფნას, ალბათ იყო რაღაც საფუძველი," - აღნიშნა დაკავებული დეკანოზის დედამ. 

ქეთევან მაღლაკელიძის თქმით, მამაო სამსახურის დეტალებზე ოჯახში არ საუბრობდა და მათ აქამდე საფრთხე არ დამუქრებიათ.

რაც შეეხება წერილს, რომელიც გუშინ რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელდა და რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გაუგზავნა, დაკავებულის ოჯახისთვის არაფერია ცნობილი.

წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. 

  

დღის ამბები