საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი მამა გიორგის დაკავების შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა.
„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, პროკურატურა რა ბრალს წარუდგენს პიროვნებას, სანამ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან, ყოველგვარი განცხადება, მით უფრო აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მხრიდან, დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და რაც მთავარია, საზოგადოებაში გააჩენს გარკვეულ აზრს ბრალთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ის მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებშიც შედის, რომ წინასწარ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები არ უნდა იქნას გამოთქმული. ვეფხვაძე გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მიუთითებს.
„საბოლოო ჯამში, ჩაიდინა თუ არა აღნიშნულმა პიროვნებამ დანაშაულებრივი ქმედება, ეს უნდა გადაწყდეს სასამართლოს მხრიდან, როდესაც გამოიკვლევენ კონკრეტულ მტკიცებულებებს,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.